GIP-ის პროექტი: ექსპერტპოლმა ადგილობრივი არჩევნების შედეგები მაღალი სიზუსტით ივარაუდა
გასულ წელს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) სოციალური გამოკითხვების ახალი მეთოდი – ექსპერტთა გამოკითხვა (ექსპერტპოლი) დანერგა. მსგავსი გამოკითხვები ფართოდაა აპრობირებული დასავლეთში, და განსაკუთრებით აშშ-ში და დიდი სიზუსტით აკეთებს პროგნოზებს ამა თუ იმ არჩევნების ან სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების შესახებ. GIP – ის ექსპერტთა გამოკითხვა უშუალოდ ეყრდნობა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მკვლევარის ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც აშშ-ს არჩევნების შედეგებს რეგულარულად იცნობს მაღალი სიზუსტით.
მეთოდოლოგიის დახვეწისა და ქართულ რეალობასთან მორგების შემდეგ, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები პირველი იყო, რომლის შედეგების პროგნოზირებისთვისაც ექსპერტპოლი ჩატარდა. წინასწარ შედგენელი წინასაარჩევნო კითხვარის საფუძველზე, გამოიკითხა 30 ქართველი და უცხოელი ექსპერტი. ჩატარებულმა კვლევამ დიდი სიზუსტით იწინასწარმეტყველა, როგორც თვით არჩევნების შედეგები, ასევე ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელი ადგილობრივ არჩევნებში.
გამოკითხული ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ქართული ოცნება საქართველოს მასშტაბით ხმათა 48 პროცენტს აიღებდა, რეალური შედეგი კი 56 პროცენტი იყო (საგულისხმოა, რომ გამოკითხული უცხოელი ექსპერტები ქართული ოცნების მიერ ხმათა 54,5 % -ის აღებას ვარაუდობდნენ, მაშინ როცა ქართელი ექსპერტები- 41,4%). ექსპერტებმა 100 პროცენტიანი სიზუსტით იწინასწარმეტყველეს ერთი მხრივ მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის გასვლა, ხოლე მეორე მხრივ მათ მიერ აღებული პროცენტული მაჩვენებელი (ექსპერტებმა ნაციონალურ მოძრაობას ხმათა 17 პროცენტის აღება უწინასწარმეტყველეს, რეალური შედეგიც 17 პროცენტია). ასევე, ექსპერტებს თითქმის ზუსტი ვარაუდი ჰქონდათ საარჩევნო ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოსთან” მიმართებით. გამოკითხულთა აზრით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“ 9 პროცენტს მიიღებდა, რეალური შედეგი 10 პროცენტია. რაც შეეხება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ექსპერტებმა აქაც 100-იანი სიზუსტით ივარაუდეს მიღებული შედეგი. ლეიბორისტული პარტიის მიღებული ხმები ერთ პროცენტიანი ცდომილებით იქნა ნავარაუდები (ექსპერტები ფიქრობდნენ 4 პროცენტს, მაშინ როცა რეალური შედეგი 3 პროცენტია).
შესამჩნევი სიზუსტითაა ნავარაუდები ამომჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკითხვით ექსპერტები თვლიდნენ, რომ აქტივობა იქნებოდა დაახლოებით 43 პროცენტი, მაშინ როცა რეალური შედეგით ეს რიცხვი 45 პროცენტია.
მაღალი სიზუსტითაა ნავარაუდები გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა. გამოკითხულ ექსპერტთა 97 პროცენტი მიიჩნევდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე გახდებოდა. თუმცა, ცდომილებაა თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ დაინიშნებოდა მეორე ტური, რაც ასე არ მოხდა.
საბოლოოდ, შეიძლება დავასკვნათ რომ ექსპერტთა გაამოკითხვამ მთელი რიგი შედეგები ოპოზიციის მიერ აღებულ ხმებთან მიმართებით 100-იანი სიზუსტით ივარაუდა, მაშინ როცა სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღებულ პროცენტულ მაჩვენებელში 7%-იანი ცდომილება დაფიქსირდა, თუმცა თუ მხოლოდ უცხოელი ექსპერტების ხმებს მივიღებთ მხედველობაში, ცდომილება 1,5 პროცენტამდე შემცირდება.
“ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (NDI) მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი კვლავაც განაგრძობს ექსპერთა გამოკითხვას ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ.