„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა: გონივრული ბალანსის ძიებაში

ცხრილი 1: სკალაზე 1-დან (უარესი) 10-მდე (საუკეთესო), როგორ შეაფასებთ ახალი მთავრობის მუშაობას პირველი ასი დღის განმავლობაში (2016 წლის ნოემბრიდან-2017 წლის იანვრამდე) საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?

თუმცა, საინტერესოა რამდენად წარმატებულია რეალურად ქართული ოცნების მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა და რაში მდგომარეობს ოცნების როგორც პოლიტიკური ძალის მთავარი საგარეო პოლიტიკური ნიშა? ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა გასული ოთხი წლის მანძილზე ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის წარმოება. ევროატლანტიკური მიმართულების მხრივ, ქართულმა ოცნებამ მეტნაკლებად განაგრძო ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკური ხაზი. ბევრი ინიციატივა, რომელსაც საფუძველი ნაციონალური მოძრაობის დროს ჩაეყარა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში წარმატებით დასრულდა. მათ შორის არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფაქტობრივი დასრულება და აშშ-თან სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრელება. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატივობა კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეს, როგორც ქართულმა ოცნებამ, ისე ნაციონალურმა მოძრაობამ.[i] შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ, საქართველოს პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი ზეპარტიულ კონსენსუსს ეფუძნება, და ცალკეული ევროსკეპტიკური ჯგუფების გარდა, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის მიერაა მხარდაჭერილი. 

თუმცა აღსანიშნავია რომ მსგავი კონსენსუსი ნაკლებად არსებობს ქართული ოცნების მიერ რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში. აქ ქართული ოცნების ხელისუფლებას უპირისპირდებიან როგორც ლიბერალური, ისე ევროსკეპტიკური პარტიები. ლიბერალური პარტიები მთავრობას რუსეთის წინაშე ზედმეტ დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებენ, ხოლო ევროსკეპტიკური პარტიები პროდასავლური კურსისა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მიზნების ერთმანეთთან შეუთავსებლად მიიჩნევენ და ოცნებას პროდასავლურ იდეალიზმში სდებენ ბრალს.[ii]

ქართული ოცნების მიერ წარმოებულ მოზომილ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. პოზიტიური მხარეებიდან გამოსაყოფია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მეტნაკლებად გაუმჯობესება და რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის განახლების რისკის შემცირება. მეორეს მხრივ, მთავარი უარყოფითი ეფექტი, რაც ოცნების საგარეო პოლიტიკას თანსდევს, არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონებში რუსული ოკუპაციის განმტკიცება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში ადექვატურად ვერ პასუხობს.  

საბოლოო ჯამში, პრაგმატული, უპრეტენზიო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში შედის როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის ინტერესებში. თუმცა საკითხავია, თუ რამდენად გამოხატავს მსგავსი პოლიტიკა თვით საქართველოს ინტერესებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა არ შეხებია ტერიტორიული კონფქლიტების თემას. რუსეთი კვლავაც მეთოდურად აგრძელებს ოკუპირებული ზონების საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სივრცეში ინტეგრაციას. ერთ-ერთ ბოლო ნაბიჯად, 2017 წლის 14 მარტს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წინადადებას.[iii] ამასთან გამუდმებით ხდება ინციდენტები საზღვრისპირა ზონებში და გრძელდება მცოცავი ანექსია. მსგავსი დინამიკის ფონზე ქართული ოცნების კოოპერაციული ნაბიჯები ხშირად ზედმეტ დათმობად და საქართველოს ხელისუფლების სისუსტედ  აღიქმება და ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საბაბი ხდება. მწვავე პოლემიკა მოჰყვა მაგალითად გასული წლის ბოლოს ქართული ოცნების ინიციატივას, როდესაც მმართველმა პარტიამ საოკუპაციო კანონის ლიბერალიზაცია გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ თავის ინიციატივა უკან წაიღო.[iv] ზოგადად, უნდა აღინიშნოს რომ კონფლიქტური რეგიონები ყველაზე სუსტი წერტილია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური სტრატეგიისა. მიუხედავად გაცხადებული ზოგადი მიზნებისა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც არ აქვს დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტების დარეგულირება, როგორ აპირებს მთავრობა საკუთარ ხელთ არსებული რბილი ძალის მექანიზმების, მაგალითად ვიზალიბერალიზაციის გამოყენებას, ან როგორ გეგმავს რუსეთის მცოცავი ანექსიის შეჩერებას.

თუმცა როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის ამ ეტაპზე კონფლიქტები მათი მოგვარების ბუნდოვანი პერსპექტივებიდან გამომდინარე იმდენად პრიორიტეტულია არაა, რომ  ისინი ამ საკითხის გამო რუსეთთან კონფლიქტის გამწვავების რისკებზე წავიდნენ. მთავრობისთვის ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეულად მოსჩანს არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნება და ახალი დაძაბულობის თავიდან აცილება. გასული წლის შედეგების შეჯამებისას ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა „ოცნების მთავრობის ბოლო ოთხი წლის მანძილზე მთავარ მიღწევად სწორედ  „უპრეცედენტო სტაბილურობა“ დაასახელა. რომელიც „უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის.“[v] რათქმაუნდა ზოგადად რთულია კონტრფაქტუალური მსჯელობა, თუ რა შედეგების მომტანი იქნება ქართული ოცნების მიერ კონფლიქტებთან მიმართებაში უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება და საერთაშორისო არენაზეც უფრო მეტი აქტიურობა. შესაძლოა, ამას დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს და რუსეთს შორის დაძაბულობა საერთოდ ურეაქციოდ დასტოვოს, რაც საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება. ის რომ ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს, არ ნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იგივენაირად მოიქცევიან. ასეა თუ ისე, ქართული ოცნება ამ დრომდე უსაფრთხო ვარიანტს არჩევს, და რუსეთთან ურთიერთობში პრინციპული და უფრო ხისტი პოზიციის დაკავებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. შედეგად კი ვიღებთ გარკვეული დოზით გარანტირებულ „სტაბილურობას“, რომელსაც თან ახლავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული ოკუპაციის კიდევ უფრო განმტკიცება.

Related Posts