საჯარო ლექცია და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – “შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”
1 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ჰორიზონტ 2020-ის პროექტ EU-LISTCO-ს ფარგლებში, უმასპინძლა საჯარო ლექციასა და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას – „შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
ღონისძიების პირველი ნაწილი პროფ. ტანია ბერცელისა და პროფ. თომას რისეს საჯარო ლექციას – „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შიდა წინააღმდეგობები – აშშ-ისა და ევროპის შედარება“ – დაეთმო. დოქტ. ბერცელი არის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ოტო-ზურის პოლიტიკის მეცნიერების ინსტიტუტის ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი. პროფ. რისე არის ტრანსნაციონალური ურთიერთობების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ოტო-ზურის პოლიტიკის მეცნიერების ინსტიტუტში.
ლექციის ფარგლებში პროფ. ბერცელმა და პროფ. რისემ მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავარი გამოწვევები: შეზღუდული სახელმწიფოებრიობა და სადავო წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური წესრიგი საფრთხის ქვეშ ევროკავშირის შიგნითაც კი დგას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვანია გაძლიერდეს საზოგადოებრივი მედეგობა, რათა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობა შენარჩუნდეს. “იდეა, თითქოს ‘ერთი ზომა ყველას მოერგება’ განწირულია და ევროკავშირს ახალი მიდგომა სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ.” – განაცხადა პროფ. ბერცელმა.
ღონისძიების მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას დაეთმო, პანელისტემა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. დისკუსიში, რომელსაც შტეფან მაისტერი (ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი) გაუძღვა, მონაწილეობდნენ – აგნეშკა ლეგუცკა (პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი), მაქსიმ ბუგრი (უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი), კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), ჰუბერტ ქნირში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში) და გიედრიუს პუოჯუნასი (ლიეტუვის ელჩი საქართველოსა და სომხეთში).
კვლევებზე ორიენტირებული ევროკავშირის პროგრამა, ხორციელდება საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც 14 აკადემიური და კვლევითი ცენტრია, როგორც ევროკავშირის, ასევე მისი სამეზობლოდან. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს, სხვა პარტნიორებთან ერთად – ისრაელიდან, გერმანიიდან და ნორვეგიიდან, წამყვანი როლი აკისრია პროექტის ფარგლებში, რათა იკვლიოს ის გლობალური საფრთხეები, რომლებიც ევროკავშირის სამეზობლოში არსებობს და ასევე შეისწავლოს, რამდენად ეფექტურია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა.