საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები
დევიდ კადიე
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ სამეზობლოსადმი, საფრანგეთის სტრატეგიული მიდგომები და მისი დიპლომატიური ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავისთავად ცხადია, რომ იმ ორი გეოგრაფიული რეგიონიდან, რომელსაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ფარავს,პარიზისთვის “სამხრეთი” უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე “აღმოსავლეთი”, რადგან საფრანგეთს სწორედ სამხრეთთან აკავშირებს შედარებით ღრმა ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული კავშირები. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მას ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე გამოწვევები უფრო აღელვებს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპიდან და კავკასიიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეები. მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა ცენტრალური როლი ითამაშა, აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით, ევროკავშირის მიერ წარმოებული პოლიტიკის ორ კრიტიკულ მომენტში: ეს იყო სამშვიდობო პროცესების წარმოებისას შუამავლის როლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ხოლო ამჟამად, ეს არის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესების გერმანიასთან ერთად თანახელმძღვანელობა.