ექსპერტთა გამოკითხვამ არჩევნების შედეგები მაღალი სიზუსტით გამოიცნო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ექსპერტების გამოკითხვამ მეტწილად იწინასწარმეტყველა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი. უფრო მეტიც, ის გაცილებით უფრო ზუსტი იყო, ვიდრე არჩევნებამდე გამართული სოციოლოგიური კვლევები და არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტპოლები. ექსპერტების გამოკითხვამ მაღალი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და შედარებით პატარა პარტიების პროცენტები, თუმცა სათანადოდ ვერ შეაფასა ქართული ოცნების პროგრესი და მიმდინარე კრიზისი პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის შიგნით. თუმცაღა, უნდა ითქვას რომ, ორივე ცდომილება განპირობებული იყო ობიექტური მეთოდოლოგიური და ემპირიული მიზეზებით.

ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით ქართულ ოცნებას ხმების მაქსიმუმ 42% უნდა აეღო, რაც 7%-ით ნაკლებია არჩევნებში რეალურად ნაჩვენებ შედეგზე. თუმცა აღნიშნული ცდომილება შეიძლება აიხსნას იმით, რომ როგორც წესი, მოქმედ სამთავრობო პარტიას აქვს განსაკუთრებით ძლიერი უპირატესობა, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა არის დაბალი. მართლაც, ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩევლის აქტივობა უნდა ყოფილიყო 58%, რაც ფაქტობრივ აქტივობას 6% – ით აღემატება. ამრიგად, აქტივობის პროცენტის გათვალისწინება აუცილებელია სოციალური თუ ექპერტთა გამოკითხვების შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის. მიუხედავად ზემოაღნიშნული ცდომილებისა, ექსპერტთა გამოკითხვამ ზუსტად იწინასწარმეტყველა ქართული ოცნების მოსალოდნელი ლიდერობა.

არჩევნების შედეგები ქართულ ოცნებას აძლევს სრულ პოლიტიკურ კარტბლანშს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა იგი ასევე შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს. კერძოდ, დიდი უპირატესობით გამარჯვება სავარაუდოდ აიძულებს ქართულ ოცნებას დატოვოს ის კომფორტის ზონა, რომელშიც იგი იმყოფებოდა 2012 წლიდან მოყოლებული. ქართული ოცნების ხელისუფლება გასულ წლებში ეფექტურად იყენებდა მიხეილ სააკაშვილის “სისხლიან ცხრაწლიან მმართველობას’’ და კოჰაბიტაციის პერიოდს საკუთარი არაეფექტური მმართველობის გადასაფარად. თუმცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ახლოს მყოფი ქართული ოცნება იძულებული იქნება აიღოს სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რაც თავის მხრივ შეამცირებს პარტიის შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენმა გამოკითხვამ არჩევნების დღეს გამართულ ეგზიტპოლებზე მეტი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შედეგი (27%). არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ყოფილ მმართველ პარტიას 33% ან 19% უნდა აეღო. ექსპერტთა გამოკითხვის აგრეგირებული პროგნოზი კი 26% იყო – ყველაზე ახლოს მდგომი რეალურ შედეგთან. ზოგადად, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის ნაწილი კვლავ ციხეში ზის ან ქვეყნის გარეთ არის გახვეწილი, მიღწეული შედეგები მეწტილად დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენი ექსპეტრების მხრიდან ხაზგასმულ იქნა ყოფილი მმართველი პარტიის არაერთი შიდა პრობლემა, მათ შორის გადაჭარბებული დამოკიდებულება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე; მკაცრი, ხშირად შურისმაძიებელური რიტორიკა; ნეგატიური მესიჯები და ალტერნატიული ხედვის არქონა.

ჩვენს გამოკითხვასა და რეალურ შედეგებს შორის ყველაზე დიდი ცდომილება დაფიქსირდა პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში. ჩვენს გამოკითხვაში გამოკითხულ ექსპერტთა მხრიდან ბურჭულაძის ბლოკს არაერთხელ ჰქონდა მიღებული 10%-ზე მეტი შეფასება, რაც ბევრად მეტი იყო მათ მიერ რეალურად აღებული ხმების რაოდენობაზე. თუმცა ჩვენმა წინა ანგარიშმა ასევე ზუსტად იწინასწარმეტყველა ბურჭულაძის პარტიის რეიტინგის დაღმასვლა. ჩვენი შეფასებები გაკეთდა პაატა ბურჭულაძის პარტიიდან გირჩის გამოყოფამდე, რომელმაც, სავარაუდოდ, დააჩქარა პარტიის ჩამოშლა. გირჩის გამოყოფა მხოლოდ კულმინაცია იყო ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის დაშლის ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც გაცილებით ადრე ბურჭულაძის ახლო მოკავშირეების პარტიიდან გასვლით დაიწყო. გირჩის გამოყოფა კი სავარაუდოდ ბოლო წვეთი იყო, რომელმაც ბურჭულაძის ბლოკის ელექტორატს შინ დარჩენისკენ უბიძგა. შეიძლება ასევე იმის ვარაუდიც, რომ სწორედ ბურჭულაძის ბლოკის ამომრჩეველთა თავშეკავებამ შეუწყო ხელი საბოლოოდ ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას.

ჩვენმა გამოკითხვამ ასევე გამოიცნო არჩევნებზე სხვა პატარა პარტიების მიერ მიღებული ხმების პროცენტები. თუმცა, რეალურად, მათი საარჩევმო შედეგი ჩვენი გამოკითხვის შესაძლებლობათა კორიდორის ქვედა ზღვარზე მოხვდა, რაც სავარაუდოდ ასევე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას შეიძლება დაბრალდეს.

საბოლოო ჯამში, ექსპერტების წინასაარჩევნო გამოკითხვა შეიძლება წარმატებულად შეფასდეს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალშიც განაგძობს მსგავსი გამოკითხვების ჩატარებას.

Related Posts