ახალგაზრდულ მანიფესტზე მუშაობა დაიწყო: GIP-ის გუნდმა GEOYOUTH2020-ის მონაწილეთათვის ახალგაზრდული სამიტების სერია გახსნა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში „ახალგაზრდული მანიფესტის“ შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ახალგაზრდული მანიფესტის შექმნა წარმოადგენს პროექტის „GEOYOUTH 2020: ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ მთავარ მიზანს. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

მანიფესტის შექმნის პროცესი ახალგაზრდულ სამიტებზე მიმდინარეობს, რომლებიც 25 ივნისს დაიწყო და ივლისის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 10 ახალგაზრდული სამიტი ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერას დისკუსიების წახალისების გზით.

პროექტის გუნდი თავს მოუყრის 150-ზე მეტი მონაწილის ხედვებსა და იდეებს საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. 10 სამიტის შემდეგ კი ეს იდეები და ხედვები, მონაწილეების ხმის მიცემის პრინციპით, საბოლოო მანიფესტში აისახება.

ნინო სამხარაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი და ახალგაზრდული სამიტის ერთ-ერთი ფასილიტატორი

„სამიტების პირველმა ტალღამ გამოავლინა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით: ახალგაზრდების საერთო ნიჰილისტური დამოკიდებულებები, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ახალგაზრდების შესაძლებლობების არასაკმარისად აღქმა, თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და საგანმანათლებლო პროგრესის საჭიროება – ეს არის პრობლემები, რომლებიც ნამდვილად უნდა გადაიჭრას პასუხისმგებელი აქტორების მიერ“.

 

ახალგაზრდული მანიფესტი არჩევნებში მონაწილე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს წარედგინებათ, რაც წაახალისებს მათ, მეტად ჩართონ ახალგაზრდები თავიანთ საქმიანობაში. ასევე, მანიფესტი დაეხმარებათ მათ, უკეთ გაიგონ ახალგაზრდების საჭიროებები და ეფექტურად გაზარდონ ახალგაზრდების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.

 

Related Posts