აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: ერთობლივი ძალისხმევა უფრო ეფექტური პოლიტიკისთვის
16 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო თემატური სამუშაო ჯგუფების სესიასა და პლენარულ სხდომაში – აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: ერთობლივი ძალისხმევა უფრო ეფექტური პოლიტიკისთვის”. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP) მიერ, „ევროპეიზაცია პროცესებს მიღმა“ ინიციატივის ფარგლებში.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს დოქტ. კატრინ ბეტგერმა (დირექტორი, ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი, ბერლინი), ჰანს-იურგენ ჰაიმზეთმა (აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენელი, ფედერალური საგარეო ოფისი, ბერლინი) და დომინიკ მოჟემ (პროექტების მთავარი მენეჯერი, კვლევითი პარტნიორი, ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი, ბერლინი), რასაც მოჰყვა თემატური სამუშაო ჯგუფების სესია რეგიონების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განსახილველად.
პირველმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუციური გარემო. სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. სამუშაო ჯგუფმა განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუციური გარემო და მისი მოწყობის გზები იმგვარად, რომ პარტნიორ სახელმწიფოებში შენარჩუნდეს მოტივაცია შემდგომი რეფორმებისთვის, ამასთან, პარტნიორი სახელმწიფოების ერთმანეთისგან განსხვავებული განვითარების დინამიკა მხედველობაში იქნას მიღებული. ამავდროულად, შენარჩუნდეს ერთიანი მიდგომა და გაძლიერდეს რეგიონული თანამშრომლობა.
მეორე სამუშაო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა მმართველობასა და კანონის უზენაესობის თემაზე. საკითხები პლენარულ დისკუსიაზე წარადგინა კორნელი კაკაჩიამ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა. სამუშაო ჯგუფმა განიხილა შესაძლო სცენარები კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრუქტურის ფარგლებში). ამასთან, იმსჯელა თუ როგორაა შესაძლებელი რეგიონში პოპულისტურ და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებთან გამკლავება.
სამუშაო ჯგუფების დისკუსიის შედეგები მოგვიანებით მონაწილეებმა წარადგინეს პლენარულ დისკუსიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტ. კატრინ ბეტგერი.
ინიციატივა „ევროპეიზაცია პროცესებს მიღმა“ მიზნად ისახავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მეზობელ სახელმწიფოებს შორის ევროპეიზაციასთან დაკავშირებული დისკურსის ერთმანეთთან დაახლოებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან მათი კოლეგების ერთ სივრცეში გაერთიანების გზით.
პარტნიორ ორგანიზაციებს შორის არიან: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრი (CES), ცენტრი ახალი ევროპა (NEC), ექსპერტ-ჯგუფი (Expert-Grup), ევროპული პოლიტიკის და რეფორმების ინსტიტუტი (IPRE).