ანტილიბერალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების ფარული გავლენა ქართულ პოლიტიკაზე
ნინო გოზალიშვილი[1]
[პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე].
საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიასა და პოლიტიკურ სპექტრში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება შეინიშნება. შედარებით ზომიერ თუ უკიდურესად ანტილიბერალურად განწყობილ სუბიექტებს აერთიანებს მემარჯვენე ნაციონალისტური შეხედულებები, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სიახლოვე, ასევე ჰომოფობიური და ანტისაიმიგრაციო რიტორიკა. აღნიშნულ ჯგუფებს ახასიათებთ ტრანსფორმირებადი ორგანიზაციული სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მთავარი სუბიექტების ცვლილება. მათი მოქმედების არეალი კი ძირითადად მედია სივრცესა და საზოგადოებრივ მოძრაობებშია, მზარდი ამბიციით პოლიტიკური პლატფორმისკენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (სპა), 2020 წლის არჩევნებზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლები ხმა მიიღო და სხვა მსგავსი პროფილის პარტიებმა ვერც კი გადალახეს მინიმალური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, აღნიშნული ჯგუფებისა და მოძრაობების ფაქტორი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ პოლიტიკაზე ირიბ გავლენას ახდენენ.
ხშირად მიიჩნევა, რომ საქართველოში ეს ჯგუფები უმეტესწილად ჩამოშორებული არიან ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესს. მხოლოდ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ჰყავს რამდენიმე წარმომადგენელი საკანონმდებლო ხელისუფლებაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამგვარი აქტორები ფართო ელექტორალური მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ. თუმცა, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მნიშვნელობას განსაზღვრავს პოლიტიკური ინიციატივებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ლობირების და მათზე გავლენის მოხდენის მეშვეობით მათი პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. მათი მეშვეობით, გარკვეულწილად, შესაძლებელი ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციით მინიჭებული გარანტიის ერთგვარი გადამოწმება ქვეყანაში. ისინი, ამავე დროს, საზოგადოებრივ და ონლაინ სივრცეში აქტიურობით, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.